განმავითარებელიშეფასებისმნიშვნელობა დაწყებით საფეხურზე
მოგეხსენებათ, დაწყებით კლასებში (I-IV)მოსწავლეთა შეფასება
განმავითარებელია. განმავითარებელი შეფასების მიზანი მხოლოდ მოსწავლის განვითარების
ხელშეწყობა როდია, მისით ფასდება სწავლის არა მხოლოდ შედეგი, არამედ პროცესიც, რაც
დიდად ეხმარება პედაგოგს მოსწავლის წინსვლის ხელშესაწყობად აქტივობებისა თუ სწავლების
სტრატეგიების შერჩევაში, თანაც ამგვარი შეფასება შეგვაძლებინებს, დავაკვირდეთ კონკრეტული
მოსწავლის წინსვლას - რა იცოდა განსაზღვრული პერიოდის წინ და რა იცის ახლა.
რატომ არის ამ ტიპის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
დაწყებით კლასებში? მინდა ყურადღება გავამახვილო განმავითარებელი შეფასების გავლენაზე
უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა მე-კონცეფციასა და თვითშეფასებაზე. მოკლედ განვმარტოთ
თითოეული ცნება:
მე-კონცეფცია - ეს არის ზოგადი წარმოდგენა საკუთარ თავზე,
თვითშეფასება კი თვითშემეცნების კომპონენტია. ის მოიცავს საკუთარი ფიზიკური, პიროვნული,
ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებებისა და ქცევის შეფასებას. მე-კონცეფცია
შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი, თვითშეფასება კი - მაღალი, ადეკვატური და დაბალი.
მე-კონცეფცია და თვითშეფასება სხვათა შეფასებებიდან
და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარეობს. დადებითი თვითშეფასების მქონე მოსწავლე
თავად დადებითად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, მშობლები და პედაგოგებიც მის მიმართ
პოზიტიურ შეფასებებს გამოთქვამენ.
პირველკლასელებს ხშირად გადაჭარბებული თვითშეფასება
აქვთ. ისინი თავს „ძალიან ყოჩაღებად“, „ყოვლისშემძლეებად“ მიიჩნევენ. სხვაგვარად არის
საქმე მეორე კლასში. მეორეკლასელებს უკვე სკოლასთან ადაპტაციის პერიოდიც გავლილი აქვთ,
ახალ მოთხოვნებს, რეჟიმსა და რუტინასაც იცნობენ
და შედარებით უკეთ იციან, რას უნდა მოელოდნენ სკოლისგან, თანაც ეს მოლოდინი ბევრად
არის დამოკიდებული იმაზე, როგორ ჩაიარა წინა სასწავლო წელმა. ამ პერიოდში ბავშვები
უფრო კრიტიკულად ეკიდებიან საკუთარ თავს, ისწრაფვიან ხარისხიანად შეასრულონ სამუშო,
მაგრამ ჯერ კიდევ არ შესწევთ საკუთარი უნარებისა თუ ნამუშევრების შეფასების უნარი,
არ გააჩნიათ კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს აფასებს.
როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა ადეკვატური თვითშეფასების
ფორმირებას? პატარას ზოგჯერ არ ესმის, რატომ ვიწონებთ ან ვიწუნებთ მის საქციელსა თუ
ნამუშევარს. თუ ბავშვს ვუთხარით მხოლოდ „ყოჩაღ“, ან რვეულში ვარსკვლავიჩავუკარით, შესაძლოა
ის ვერ მიხვდეს, რით დაიმსახურა ქება, მოსწავლისთვის იმთავითვე უნდა იყოს ცნობილი კრიტერიუმები,
რომელთა მიხედვითაც შეაფასებენ მის ნამუშევარს, ხოლო კომენტარი თითოეულ კრიტერიუმს
უნდა შეეხოს. მაგალითად: „ანა, ძალიან კარგი ნამუშევარია, ყველა სავარჯიშო სწორად შეგისრულებია,
აკურატულად ჩაგიწერია, შემდეგშიც ასე მონდომებით იმუშავე“. ასეთი კომენტარი მოსწავლეს
უკეთ მიახვედრებს საქმის არსს, ვიდრე ძუნწი „კარგი ბიჭი ხარ“, „ყოჩაღ“, ანდა შეფასებითი
სიმბოლოს მინიჭება.
საგნის კრიტერიუმებზე დაყრდნობით გაკეთებულიკომენტარი
ბავშვს თვალნათლივ დაანახვებს, რა მიიჩნევა კარგ გამოსავლად. რა არის მისი ძლიერი მხარე,
ანდა რომელი უნარის განსავითარებლად უნდა იმუშაოს. ეს დიდად დაეხმარება მას ადეკვატური
თვითშეფასების ფორმირებაში. თანაც, კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასებას მიჩვეულ მოსწავლეს
განმსაზღვრელ შეფასებაზე გადასვლაც ნაკლებად გაუჭირდება. მას ეცოდინება, რას ექცევა
ყურადღება ამა თუ იმ დავალების შესრულებისას.
უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა შეფასებისას დიდი
მნიშვნელობა აქვს მათ მიერ გამოჩენილი ინიციატივისა და ძალისხმევის ხაზგასმას. უმცროსი
სასკოლო ასაკის დასაწყისში ბავშვი, რომელსაც განვითარებული აქვს ნდობის ბაზისური გრძნობაჯერ
უახლოესი გარემოცვის, მერე კი საკუთარი თავისადმი, შეძლებს ინიციატივის გამოჩენას როგორც
გონებრივ, ისე მოტორულ აქტივობაში. თუ უფროსები წაახალისებენ ამას, ბავშვი ჩამოყალიბდება
ინიციატივიან, დამოუკიდებელ პიროვნებად, რომელიც პასუხს აგებს საკუთარ საქციელზე და
პირიქით, თუ უფროსები ბავშვს მიახვედრებენ, რომ მისი ინიციატივა უადგილოა, ან ზედმეტად
მკაცრად გააკრიტიკებენ ამის გამო, შესაძლოა მას დანაშაულის განცდა ჩამოუყალიბდეს და
შემდეგ მოზრდილთა სამყაროში თავი „დაუპატიჟებელ სტუმრად“ იგრძნოს.
მომდევნო პერიოდში ბავშვს კომპეტენტურობის გრძნობა უვითარდება.
დაწყებითი სკოლა მას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა დავალების შესრულებით (მაგალითად,
ხატვით, მათემატიკური ამოცანების ამოხსნით, წინადადებების წერით), მასწავლებლების,
მშობლებისა და თანატოლების მოწონება და აღიარება დაიმსახუროს. როდესაც მასწავლებლები
და მშობლები აქებენ ბავშვს ამა თუ იმ საქმიანობაში ჩასაბმელად, მერე კი მიღწევებისთვის
აქებენ, ბავშვი ბეჯითი და შრომისმოყვარე პიროვნება დადგება, გულმოდგინედ შეასრულებს
დავალებებს, მუდამ ეცდება, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. თუ უფროსები დასცინიან
ბავშვის ინიციატივას და მეტიც - სჯიან მას, ან თუ ბავშვმა აღმოაჩინა, რომ ვერ ამართლებს
მასწავლებლებისა და მშობლების მოლოდინს, არასრულფასოვნების განცდა დაეუფლება.
ბავშვის მონდომებისა თუ მცდელობის აღსანიშნავად ისეთი
შეფასებითი სიმბოლოების გამოყენებაც შეიძლება, როგორებიცაა ვარსკვლავი, მზე, სტიკერი,
მაგრამ ამგვარ სიმბოლოებს შეფასების ფუნქცია აკისრია; ისინი არაფერს გვეუბნებიან სწავლის
პროცესზე, მიღწეულ წარმატებაზე, ამიტომ მათი გამოყენება მიზანშეწონილიამხოლოდბავშვის
მონდომების, მცდელობის აღნიშვნის მიზნით და არა „საუკეთესო შედეგის“ ან ცოდნის დონის
ხაზგასასმელად.
ყველაზე ძლიერი მეთოდი, რომელიც მოსწავლეთა აკადემიურ
მოსწრებას აუმჯობესებს, კომენტარების გაკეთებაა. შესაბამისად, განათლების ხარისხის
გაუმჯობესების ყველაზე მარტივი რეცეპტიიქნებოდა - „რაც შეიძლება ხშირად გააკეთეთ კომენტარები“.
კვლევების შედეგად რეკომენდირებულია კომენტარების გაკეთების
შემდეგი მეთოდები:
1.
მასწავლებლის მიერ გაკეთებული კომენტარები ორიენტირებული
უნდა იყოს მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე. კომენტარი სასარგებლოა მაშინ, თუ ის
ზედმიწევნით უხსნის მოსწავლეს, რა გამოუვიდა კარგად და რა არა. მხოლოდ იმის მინიშნება
მოსწავლისთვის, რომ მისი პასუხი არასწორია, უარყოფით გავლენას ახდენს მასზე. მოსწავლეზე
მითითება, რომ იქამდე იმუშაოს დავალებაზე, სანამ განსაზღვრულ შედეგს არ მიაღწევს. არის
მისი აკადემიური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი.
2.
მასწავლებლის მიერ გაკეთებული კომენტარები უნდა იყოს
დროული. მაგალითად, ტესტის მთლიანად დასრულებისთანავე გაკეთებული კომენტარი ყველაზე
ეფექტურად ითვლება, ვიდრე ტესტის რომელიმე ნაწილების დასრულების შედეგად გაკეთებული
კომენტარი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გვიანი კომენტარები ნაკლებ გავლენას ახდენენ
მოსწავლეზე და მის აკადემიურ მოსწრებაზე.
3.
მასწავლებლის მიერ გაკეთებული კომენტარები კონკრეტულ
კრიტერიუმებს უნდა უკავშირდებოდეს. უნდა განისაზღვროს კრიტერიუმი, რომელიც კონკრეტული
დონის ცოდნისა და უნარების განვითარებისკენაა მიმართული. კომენტარები უნდა უკავშირდებოდეს
სწორედ ამ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ამ სახით გაკეთებული კომენტარი გაცილებით მნიშვნელოვანია.
იგი ემსახურება მოსწავლის სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას.
4.
ეფექტური კომენტარების გაკეთება მოსწავლეებსაც შეუძლიათ.
კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეებსაც შეუძლიათ საკუთარი პროგრესის ეფექტური მონიტორინგი.
მოსწავლეები სწავლის პროცესში ინიშნავენ საკუთარ წარმატებებს. აკეთებენ თვითშეფასებას.
ეს ეხმარება მათ დაეუფლონ კონკრეტულ უნარებს. ასევე მიაღწიონ მაღალ აკადემიურ შედეგებს.
განმავითარებელი
შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას, თუ
როგორ არის შესაძლებელი სწავლის შედეგის გაუმჯობესება, ეხმარება მათ ადეკვატური თვითშეფასების,
სხვათა შეფასების უნარის ფორმირებასა და წარმატების მიღწევაში.
აქედან გამომდინარე,
განმავითარებელი შეფასების მიზნებია:
ა) სწავლის პროცესის
საჭიროებების შეფასება
ბ) პროცესის მონიტორინგი
გ) დამოუკიდებლობისა
და თანამშრომლობის ხელშეწყობა
დ) ცოდნის თვითშეფასება
და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა.
ეროვნული სასწავლო
გეგმის თანახმად, განმავითარებელი შეფასების საშუალებებია: სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი);
კომენტარი; თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა; კითხვარი.
მოკლედ მიმოვიხილოთ
თითოეული მათგანი:
უკუკავშირი კონკრეტულ
საქმიანობაზე, სიტუაციებზე კომენტირების პროცესია. იგი ხელს უწყობს სასწავლო მიზნების
მიღწევას. ის არის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ,
თუ როგორ მიდის სწავლის პროცესი, რა წარმატებები და სირთულეები ფიქსირდება. უკუკავშირი
უნდა მიმდინარეობდეს კეთილგანწყობილ გარემოში და აძლევდეს მოსწავლეს გეზს, თუ რა აქტივობა
უნდა განხორციელდეს მიზნის მისაღწევად. მასწავლებელმა უკუკავშირის დროს, პირველ რიგში
უნდა აღნიშნოს, თუ რა აქვს მოსწავლეს კარგად შესრულებული, შეცდომების არსებობის შემთხვევაში
უნდა მიაწოდოს მას კონკრეტული რეკომენდაციები, რა გზებით უნდა გაიუმჯობესოს შედეგი.
უკუკავშირისას მოსწავლე საკუთარი მიღწევების გამო განიცდის კმაყოფილებას, აცნობიერებს
არსებულ სისუსტეებს და რეკომენდაციების საფუძველზეცვლილებები შეაქვს სწავლის პროცესში.
წერილობითი უკუკავშირი
არის მოსწავლისთვის წერილობითი სახით კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება მისი ნამუშევრების
შემოწმების შემდეგ. წერილობითი კომენტარის გამოყენება შეგვიძლია საშინაო დავალების,
დამოუკიდებელი საკლასო სამუშოს შეფასებისთვის.
უკუკავშირისას
- მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჯერ აღნიშნავს ნამუშევრის ძლიერ
მხარეს. თუ შეცდომები არ არის, ის აწვდის რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიწოდებისას
მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს - შეხსენება და თანმიმდევრული დახმარება. თანმიმდევრული
დახმარება შეიძლება განხორციელდეს შეკითხვების დასმის, აღწერისა და მაგალითის/ნიმუშის
შეთავაზების ფორმით.
გთავაზობთ კონკრეტულ
მაგალითებს:
შეხსენება: იმისთვის,
რომ სწორად გამოთვალო მართკუთხედის პერიმეტრი, საჭიროა კიდევ ერთხელ ჩახედო წესს, სახელმძღვანელოს
მე-12 გვერდზე.
თანმიმდევრული
დახმარება - შეკითხვის დასმა: რა ფორმულა უნდა გამოვიყენოთ მანძილის გამოსათვლელად?
თანმიმდევრული
დახმარება - აღწერა: მრავალმოქმედებიანი მაგალითის ამოხსნამდე გაიხსენე მოქმედებების
თანმიმდევრობის წესი.
თანმიმდევრული
დახმარება - მაგალითის შეთავაზება: სწორია 5+3=3+5, ანუ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი
არ იცვლება. არასწორია 5-3=3-5, ანუ შეკრების გადანაცვლებადობის თვისება გამოკლებისას
არ გამოგვადგება.
წერილობითი კომენტარი
მოსწავლეს ინფორმაციას უნდა აძლევდეს შეცდომის, მისი ტიპის, გამოსწორების გზების შესახებ
(სასურველია მოიცავდეს სახელმძღვანელოს, პარაგრაფის მითითებასა და ზუსტ ინსტრუქტაჟს).
კომენტარების შემდეგ მნიშვნელოვანის მოსწავლეებს დავუბრუნოთ ნამუშევრები და მივცეთ
დრო მათ გამოსასწორებლად. ბოლოს კი გასწორებულ ნამუშევარს კიდევ ერთხელ გადავხედოთ.
ზეპირი უკუკავშირი
მოსწავლის აქტივობაზე დაკვირვების შედეგად მასწავლებლის მიერ გამოთქმული კომენტარია.
ზეპირად მიწოდებული რეკომენდაციები შესაძლებელია როგორც უკვე შემოთავაზებული ფორმით,
ასევე შეგვიძლია შემდეგი ფრაზების გამოყენება:
ა) ყოჩაღ, რომ
შეასრულე დავალება. შეგიძლია მითხრა, რატომ ფიქრობ ასე?
ბ) კარგია, რომ
მოიტანე დავალება, მაგრამ მოდი, კიდევ ერთხელ შეხედე, ყველაფერი სწორად არის შესრულებული?
გ) კარგია, რომ
შეასრულე დავალება, მაგრამ მე ვხედავ ერთ შეცდომას, კიდევ ერთხელ გადახედე ნამუშევარს.
კომენტარები, რომელიც შეურაცხჰყოფს მოსწავლეს.
მაგალითად:
სულელური პასუხია!
ასეთი რამ თავში
როგორ მოგივიდა?
და ასე შემდეგ.
დასასრულს კიდევ
ერთხელ ვთქვათ, რომ კომენტარის გაკეთებისას ხაზი უნდა გაესვას მოსწავლის ძალისხმევას,
შრომისმოყვარეობას
(მოსწავლე ყოველთვის ასრულებს დავალებებს),
გარკვეული დროის
(ერთი თვის) განმავლობაში ბეჯითი შრომით მიღწეულ წარმატებას,
და ითქვას, სამომავლოდ
რას მოველით მისგან.
არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონის“ მათემატიკის მასწავლებელი
-
ლელა ბარათაშვილი
2016 წლის ნოემბერი
No comments:
Post a Comment